пятница, 31 декабря 2010 г.

მისაღებია ქრისტიანებისთვის ახალი წლის აღნიშვნა?


„ენციკლოპედია უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „რომაელმა მმართველმა იულიუს კეისარმა ძვ. წ. 46 წელს 1 იანვარი წელიწადის პირველ დღედ გამოაცხადა. ამ დღეს რომაელები იანუსს — კარიბჭის, კარისა და დასაბამის ღვთაებას — უძღვნიდნენ. იანუსის პატივსაცემად წლის პირველ თვეს იანვარი დაარქვეს. იანუსს ორი სახე ჰქონდა — ერთი წინ იყურებოდა, მეორე უკან“ (1984, ტ. XIV, გვ. 237).
სხვადასხვა ქვეყანაში ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. ამასთანავე, განსხვავდება საახალწლო წეს-ჩვეულებები. ბევრგან უზომო სმა და ღრეობა ამ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. რომაელების 13:13-ში კი ვკითხულობთ: „წესიერებით ვიაროთ, როგორც დღისით, არა ღრეობითა და გადამეტებული სმით, არა უზნეობითა და თავაშვებულობით, არა დავითა და შურით“ (იხილეთ აგრეთვე 1 პეტრეს 4:3, 4; გალატელების 5:19—21).

საჩუქრების ჩუქება; თოვლის ბაბუა, სანტა-კლაუსი და ასე შემდეგ


შობის დროს საჩუქრების ჩუქების ტრადიცია მოგვების მიერ იესოსთვის ძღვნის მიტანას არ უკავშირდება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოგვები იესოსთან მისი დაბადების დროს არ მისულან. გარდა ამისა, მათ საჩუქრები იესოს მიართვეს და არა ერთმანეთს. იმ დროს ცნობილ ადამიანებთან სტუმრობისას საჩუქრების მირთმევა ჩვეულებრივი რამ იყო.
„ენციკლოპედია ამერიკანაში“ ვკითხულობთ: „სატურნალიის დროს . . . მართავდნენ ლხინს და ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიდნენ“ (1977, ტ. XXIV, გვ. 299). ხშირად შობის დროსაც მსგავსად ხდება საჩუქრების გაცვლა-გამოცვლა. ამას ადამიანისთვის არ მოაქვს ნამდვილი ბედნიერება, რადგან არ შეესაბამება, მაგალითად, მათეს 6:3, 4-სა და 2 კორინთელების 9:7-ში ჩაწერილ ქრისტიანულ პრინციპებს. ქრისტიანები სიყვარულით ჩუქნიან სხვებს საჩუქრებს წლის ნებისმიერ დროს — იმდენჯერ, რამდენჯერაც მოისურვებენ.
ბავშვებს ეუბნებიან, რომ საჩუქრები მოაქვს თოვლის ბაბუას, სანტა-კლაუსს, წმინდა ნიკოლოზს, პერ-ნოელს, კნეხტ რუპრეხტს, მოგვს, ელფ იულეტომტეს (ან იულენისენს), ან გრძნეულ ბეფანას — იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ („The World Book Encyclopedia“, 1984, ტ. III, გვ. 414). ცხადია, ყოველივე ეს არ არის სიმართლე. განა შეაყვარებს ეს ბავშვებს სიმართლეს? განა მიაგებს პატივს ასეთი ჩვეულება იესო ქრისტეს, რომელიც გვასწავლის, რომ ღმერთს ჭეშმარიტებით უნდა ვცეთ თაყვანი? (იოან. 4:23, 24).

მოგვები, რომლებსაც ვარსკვლავი მიუძღოდა


ეს მოგვები სინამდვილეში აღმოსავლელი ასტროლოგები იყვნენ (მათ. 2:1). მართალია, ასტროლოგია დღეს ძალიან პოპულარულია, მაგრამ ბიბლია მკაცრად გმობს მას (იხილეთ გვერდები 62, 63, „ბედისწერა“). ნუთუ მიიყვანდა ღმერთი ახალდაბადებულ იესოსთან ისეთ ადამიანებს, რომელთა საქმიანობასაც არ იწონებდა?
მათეს 2:1—16-დან ვხედავთ, რომ ვარსკვლავმა ასტროლოგები ჯერ მეფე ჰეროდესთან მიიყვანა, შემდეგ კი იესოსთან. ჰეროდემ იესოს მოკვლა მოინდომა. არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ასტროლოგების გარდა „ვარსკვლავი“ სხვებმაც დაინახეს. მათი წასვლის შემდეგ იეჰოვას ანგელოზმა იოსებს უთხრა, ეგვიპტეში გაქცეულიყო, რათა ბავშვი გადაერჩინა. ღვთისგან იყო ეს „ვარსკვლავი“ მოვლენილი თუ მისგან, ვისაც ღვთის ძის მოკვლა სურდა?
ბიბლია არ ამბობს, რომ პატარა იესო მათი მისვლისას ბაგაში იწვა, როგორც ეს ხშირად არის წარმოდგენილი საშობაო სცენებში. იესო და მისი მშობლები უკვე სახლში ცხოვრობდნენ, როცა ასტროლოგები ეწვივნენ. რაც შეეხება იესოს ასაკს, გაიხსენეთ, რომ ასტროლოგებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჰეროდემ ბრძანა ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭის დახოცვა ბეთლემსა და მის შემოგარენში (მათ. 2:1, 11, 16).

აქვს შობის დღესასწაულს ბიბლიური საფუძველი?


აღნიშვნის თარიღი.
მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: «შობის აღნიშვნა ღმერთს არ დაუწესებია, ის არც „ახალი აღთქმიდან“ იღებს დასაბამს. ქრისტეს დაბადების დღის დადგენა შეუძლებელია ახალი აღთქმის ან სხვა რომელიმე წყაროს საფუძველზე» (ნიუ-იორკი, 1871, ტ. II, გვ. 276).
ლუკას 2:8—11-ის თანახმად, როცა იესო დაიბადა, მწყემსები ღამით ველად იყვნენ. ერთ წიგნში ნათქვამია: „ცხვარს . . . ზამთარში ფარეხში ამყოფებდნენ; მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია იმისათვის, რომ ეჭვი შევიტანოთ შობის აღნიშვნის ტრადიციული თარიღის სისწორეში, რადგან სახარებაში ვკითხულობთ, რომ ამ დროს მწყემსები ველად იყვნენ“ („Daily Life in the Time of Jesus“, ჰენრი დენიელ-როპსი, ნიუ-იორკი, 1962, გვ. 228).
„ენციკლოპედია ამერიკანაში“ წერია: „რთულია იმის ზუსტად დადგენა, თუ რატომ დააწესეს 25 დეკემბერი ქრისტეს შობის დღედ. მაგრამ გავრცელებულია აზრი, რომ ეს დღე დაამთხვიეს წარმართულ დღესასწაულებს, რომლებიც ზამთრის მზებუდობის პერიოდში აღინიშნებოდა. ამ დროს, როცა დღე მატებას იწყებდა, მზის ხელახლა დაბადებას ზეიმობდნენ . . . რომაული სატურნალიებიც (მოსავლიანობის ღმერთის, სატურნისა, და მზის აღორძინებისადმი მიძღვნილი დღესასწაული) ამ პერიოდში იმართებოდა. შობის ზოგიერთი ჩვეულება, როგორც ფიქრობენ, ამ უძველესი წარმართული დღესასწაულიდან იღებს სათავეს“ (1977, ტ. VI, გვ. 666).
ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: «ქრისტეს დაბადების თარიღი უცნობია. სახარებებში არ მოიხსენიება არც დღე და არც თვე . . . მეცნიერ ჰ. უზენერის ვარაუდით . . . რასაც დღევანდელ მეცნიერთა უმრავლესობა იზიარებს, ქრისტეს დაბადების თარიღი დაამთხვიეს ზამთრის მზებუდობის თარიღს (იულიუსის კალენდრის მიხედვით 25 დეკემბერი, ძველ ეგვიპტელთათვის 6 იანვარი), რადგან ამ დღეს, როდესაც მზის ცენტრი ჩრდილოეთ ნახევარსფეროსკენ იწყებდა გადახრას, ღვთაება მითრას წარმართი თაყვანისმცემლები ზეიმობდნენ „უძლეველი მზის დაბადების დღეს“ („dies natalis Solis Invicti“). 274 წლის 25 დეკემბერს ავრელიანემ მზის ღმერთი იმპერიის მთავარ მფარველად გამოაცხადა და მარსის ველზე („Campus Martius“) მას ტაძარი მიუძღვნა. შობის დღესასწაული იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა მზის კულტი რომში განსაკუთრებით იყო გავრცელებული» („New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. III, გვ. 656).